პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები მართლები არიან სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან. ამის შესახებ უსუფაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, პროკურატურამ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმე შეკითხვას დაუსვამს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ისინი პასუხს გასცემენ.
"პროკურატურა როდესაც საქმის გამოძიებას იწყებს, ამაზე მე ვერ გეტყვით, თუ რას ნიშნავს ეს. ამაზე პროკურატურამ უნდა განაცხადოს, თუ რას ნიშნავს, რა იწყება, რატომ იწყება. პროკურატურა იძიებს საქმეებს, მერე ეს ზოგი სწრაფად მთავრდება, ზოგი დიდხანს ვერ მთავრდება, ზოგი სასამართლოში მთავრდება, ზოგი პორკურატურაშივე მთავრდება. ვის დაკითხვასაც გადაწყვეტს პროკურორი, მან თავად უნდა განაცხადოს. თუ ვინმეს ჩემთან აქვს რაიმე კითხვები, მზად ვარ თქვენი ეთერის საშუალების პასუხები გავცე", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს იმის სრული განცდა უნდა ჰქონდეს, რომ ყველა კითხვაზე, ნათქვამზეც, გაკეთებულზეც, გაუკეთებელზეც პასუხის გაცემა იქნება სწორი, აუცილებელი და საჭირო.
"ასე, რომ აქ საკითხი ასე არ დგას, რომ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს თუ აქვთ რაიმე კითხვებზე პასუხი გასაცემი, თუ მათ ვინმე რაიმე კითხვას დაუსვამს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პასუხის გასცემენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მართლები არიან სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან. კიდევ ვიმეორებ - კითხვები არ არის ცალმხრივი. კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ყველამ და ყველას მოგვიწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა", - განაცხადა უსუფაშვილმა.