"თავისუფალი დემოკრატები" შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრისგან პასუხს ელოდებიან

"თავისუფალი დემოკრატები" შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრისგან პასუხს ელოდებიან "თავისუფალი დემოკრატები" შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, უკვე რამდენიმე დღე გავიდა და პარტიის გენერალურ მდივანთან ალექსი პატრიაშვილთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ცნობები არ არსებობს.

"თავისუფალი დემოკრატები" საქმის მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

"რეალურად ის ვითარება, რომელშიც ალექსი პეტრიაშვილი იმყოფება, ცხადყოფს, რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ თავდასხმა, ეს იყო მკვლელობის მცდელობა. ჩვენ შს მინისტრისგან და პრემიერ-მინისტრისგან გვაინტერესებს, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ ამ დანაშაულთან მიმართებაში. რასაც არ უნდა საუბრობდნენ უმრავლესობის წევრები, რომ ეს არის მორიგი, უბრალოდ დანაშაული, ადამიანი, რომელიც პოლიტიკური, ოპოზიციციური პარტიის ლიდერია და მასზე მკვლელობის მცდელობაა განხორციელებული, ეს ნამდვილად არ არის მორიგი შემთხვევა, ვინაიდან, როგორც მინიმუმ, უფრო მეტ საინფორმაციო ველს იკავებს", - განაცხდაა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საჭიროა დროული და სწრაფი გამოძიება და ამისთვის აუცილებელია ყველას ოპერატიული მოქმედება.

"თუ ეს დანაშაული გამოუძიებელი დარჩა, ეს იქნება, ძალიან ცუდი ლაქა ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. რა თქმა უნდა, კრიმინალი ყველგან ხდება, მაგრამ ეს არის თავხედური და ვანდალური კრიმინალი, ეს არის უღირსი საქციელი სხვა თუ არაფერი. ამას აქვს დიდი ყურადღება დათმობილი. არ დარჩენილა არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი, რომელიც არ შემოგვეხმიანა და მხარდაჭერა არ აღგვითქვა", - განაცხადა ჩიქოვანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესია, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და შედეგით დასრულდეს.