ევროსასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი იყო ძალიან გამჭვირვალე და ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი წესით შერჩევა საქართველოში პირველად მოხდა.
"შერჩეული 5 კანდიდატი გადაეგზავნა მთავრობას. ამ 5-დან 3 უნდა იყოს შერჩეული მთავრობის მიერ, შემდეგ ეს 3 კანდიდატი წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტს. კომიტეტი გაუწევს რეკომენდაციას სამიდან ერთს და დაამტკიცებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა", - განმარტა ბესელიამ.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, ბესელიას თქმით, შერჩევის პროცესში ევროპის საბჭოს კრიტერიუმებს დაეყრდნენ.
"ეს არის გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, ასაკი, სამუშაო. უპირატესობა ასევე ენიჭება ქალ კანდიდატებს და ძალიან კარგია, რომ 5 კანდიდატს შორის სამი არის ქალი კანდიდატი. მე ვფიქრობ, მთავრობა ხუთიდან სამ ღირსეულ კანდიდატს შეარჩევს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება იმას, რომ არასამთავრობოებს კითხვები აქვთ ერთ-ერთ კანდიდატ ევა გოცირდძესთან, ბესელიამ განაცხადა, რომ კომისია იყო ძალიან მრავალფეროვანი და მასში მონაწილოებდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ჩართული ამ ტიპის შერჩევის პროცესში.
"ზოგმა მიანიჭა მას მაღალი, ზოგმა საშუალო, ზოგმა დაბალი ქულა, მაგრამ მთლიანობაში დათვლილი იყო საბოლოო შედეგები. საბოლოო შედეგებით ის ხუთეულში მოხვდა, იქედან გამომდინარე, რომ მას აქვს დიდი გამოცდილება ევროსასამართლოსთან მუშაობის, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამეცნიერო ნაშრომებით, არის სამართლი დოქტორი", - განაცხადა ბესელიამ.
მანვე განმარტა, რომ ალექსანდრე ბარამიძის ხუთეულში შერჩევის შემთხვევაში არ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი იმის გამო, რომ ის ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა და კომისიის წევრია იუსტიციის მინისტრი.
"ინტერესთა კონფლიქტი არ იყო იმდენად, რამდენადაც იუსტიციის მინისტრს ერთი ხმა აქვს, როგორც სხვებს. ის საერთო ხმების რაოდენობით მოხვდა ხუთეულში. არც ერთ თანამდებობის პირს არ ეკრძალება ასეთ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა. კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.