მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 29თებერვალს -1 მარტს ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე, სადაც ისაუბრებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაერო-ს როლზე; ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე; განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ყოველწლიურ მაღალი დონის პანელში: "გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვა, განვითარების უფლების უზრუნველყოფა".

სესიის პარალელურად მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.

საქართველო 2016 წლის იანვრიდან 3 წლის ვადით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს.