ევროპამ არ უნდა დაუშვას საბერძნეთში ქაოსის შექმნა, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიგრაციის კრიზისზე საუბრისას აღნიშნა.
"თქვენ სერიოზულად მიგაჩნიათ, რომ ევროზონის ყველა ქვეყანა, რომელიც გასულ წელს გაერთიანებაში საბერძნეთის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, ერთი წლის შემდეგ დაუშვებს იმას, რომ საბერძნეთი ქაოსში გადაეშვას?", - განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, კვლავ იმ აზრზეა, რომ გერმანიის საზღვრები მიგრანტებისთვის ღია უნდა დარჩეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ამის წინააღმდეგია.
გასულ წელს გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რამაც მერკელის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა, ხოლო ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის დონე გაზარდა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიგრაციის კრიზისის მოგავრებასთან დაკავშირებით აზრები გაყოფილია. ავსტრია და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა საბერძნეთიდან მიგრანტების გადასვლაზე შეზღუდვების ინიციატივით გამოდის, ვინაიდან საბერძნეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მიგრანტების დიდი რაოდენობა ჩადის.
მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების და თურქეთის ლიდერები მომდევნო შეხვედრას 7 მარტს გამართავენ.