ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა არის თავდასხმა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენელმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლაგაზიძის თქმით, მისი ეს პოზიცია არის "საქართველოს განვითარების ფონდი სა" და პირადად პაატა ბურჭულაძის პოზიცია.
როგორც ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, როდესაც პოლიტიკურ ლიდერს დღისით, მზისით ესვრიან, ეს არის შემაშფოთებელი და ამაზე საზოგადოებას და ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს.
ხათუნა ლაგაზიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დაკავდეს კრიმინალთან ბრძოლით.
"პოლიტიკურ ლიდერს, დღისით, მზისით ესროლეს, მძიმედ სცემეს და ხალხის რეაქცია ამაზე არის ფშვინვა. საზოგადოება ფშვინავს და ისე როგორც წლების წინ, გონიათ, რომ ეს პრობლემა და განსაცდელი მის კართან არ მოვა. სხვისი თეთრეულის ქექვას სჯობს, ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლით დაკავდეს", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, ამაზრზენია, როდესაც გარკვეული პირები მომხდარ თავდასხმებს ამართლებენ სხვა ქვეყანაში მომხდარი მსგავსი ფაქტებით. ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა პრემიერთან თემის განსახილველად.
"საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენელმა კრიმინალის ზოგად მატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა პოლიციელს პრესტიჟი დაუბრუნდეს და შეწყდეს განუკითხაობა ყველა კუთხით, რომელიც საქართველოში არსებობს.