ევროპელთა დახმარების ინიციატივამ დღემდე ვერ შემოიკრიბა საკმარისი რესურსები, რათა მოსკოვის აგრესიის შეკავება მოეხდინა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში გავლენიანმა მკვლევარმა იან ბჟეზინსკიმ განაცხადა, როდესაც ყირიმის ანექსიის მეორე წლისთავზე, უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ამ ქვეყნის დახმარების და აღმოსავლეთ ევროპაში, ნატო-სა და შეერთებული შტატების მონაწილეობა შეაფასა.
როგორც მკვლევარმა აღნიშნა, ევროპის მხარდაჭერის ინიციატივით გატარებული ზომები მინიმალური და თანდათანობითია ამ ინიციატივის ამოქმედებიდან დღემდე.
"ასეთი თანდათანობითი მიდგომა კარგად მიჰყვება ობამას ადმინისტრაციის ხედვას. როცა 2014 წლის ივნისში ეს ინიციატივა შემუშავდა, ადმინისტრაციას 18 თვე დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ სად უნდა გაეგზავნა დამატებითი ძალები და რა ტერიტორიებზე-ბალტიისპირეთში და სხვაგან. კიდევ ერთი პრობლემა აქ ის არის, რომ ევროპელთა დახმარების ინიციატივამ დღემდე ვერ შემოიკრიბა საკმარისი რესურსები, რათა მოსკოვის აგრესიის შეკავება მოეხდინა. ამ ფონზე, თავად რუსეთი მოულოდნელად გეგმავს და ახორციელებს მანევრებს ათობით ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით. ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ეგიდით, ჩვენ უნდა განვალაგოთ ნატო-ს ჯარები ბალტიისპირეთში, რუმინეთსა და პოლონეთში, დავგეგმოთ მეტი სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში და არა დასავლეთში, ისე როგორც ეს პორტუგალიასა და იტალიაში გავაკეთეთ ბოლოს, რადგან ომი დასავლეთ ევროპაში არ მიმდინარეობს", - განაცხადა იან ბჟეზინსკიმ.
მისივე თქმით, ამ ძალისხმევაში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც უნდა ჩაერთონ.
იან ბჟეზინსკი ფიქრობს, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ ამ ინიციატივისთვის ოთხჯერ გაზრდილი ხარჯების მოთხოვნა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, თუმცა არასაკმარისი ძალისხმევაა.
"ამერიკისა და დასავლეთის თავშეკავებულ რეაგირებას მოჰყვება ის, რომ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, მოლდოვა და საქართველო გახდება შემდგომი სამიზნეები. ბოლო თვეებია რუსეთი თავის საზღვარს საქართველოში წევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გამოსავალია მეტი ეკონომიკური, დარგობრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მეტად უნდა გავაძლიეროთ ნატო-ს და აშშ-ის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ევროპის აღმოსავლეთში, უნდა გადავცეთ თავდაცვითი იარაღი უკრაინას და გადავდგათ უფრო აქტიური ნაბიჯები ყველა დონეზე. სხვა შემთხვევაში, ვტოვებთ შეშინებული და დაეჭვებული მხარის შთაბეჭდილებას. ამით კი პუტინს ვაქეზებთ მეტი აგრესიისკენ", -განაცხადა მკვლევარმა.