ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმის თაობაზე, თუ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ რამე კარგად ვერ გააკეთა?! - პირველ რიგში, კომისიის ხელმძღვანელს დავით უსუფაშვილს, - ამის შესახებ გუშინ, კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე თავად უსუფაშვილმა განაცხადა.
"წმინდა პროფესიული თვალსაზრისითაც, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ვარ და თუ ქვეყანაში რამე სწორად ვერ მიდის, ე.ი ყველაფერში დამნაშავე მთავრობაა. რა თქმა უნდა, კომისიის ხელმძღვანელი ვარ და ე.ი რა ვერ მოვახერხე ქვორუმის შეკრება?! დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველაზე ხმამაღლა ის ისაუბრებს, ვისაც თითი თითზე არ დაუდია და იტყვის, "კომისიამ ცუდად იმუშავა". ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კომისიის სხდომაზე, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დავით უსუფაშვილს შესთავაზა, საკონსტიტუციო კომისიის მცირე ჯგუფი ჩამოყალიბდეს და მუშაობა გაგრძელდეს, რადგან "კომისიას ისეთი უღიმღამო დასასრული არ ჰქონდეს".
თავის მხრივ უსუფაშვილმა განმარტა, რომ სამჯერ მქონდა კომისიის მუშაობის გაგრძელების მცდელობა და არც პროფესიული, არც პოლიტიკური და არც მორალური თვალსაზრისით არავიზე ნაკლებად გული არ წყდება.