ტყიბულში გაფიცულმა მაღაროელებმა გამგეობასთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ხელფასებთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი თანახმა არ არიან კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიერ შეთავაზებულ ხელფასის 5%-იან მომატებაზე და მინიმუმ 20%-ის მომატებას ითხოვენ.
მაღაროელებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, სტუდენტები და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საგაფიცვო კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდეს, ჩავიდნენ, მათ გვერდით დადგნენ და მოუსმინონ გაფიცულებს.
ასევე მოუწოდეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მიუხედავად კვირა დღისა, გამოვიდნენ და მათ გვერდით დადგნენ, რადგან ისინი მათი არჩეულები არიან და ვალდებულები არიან მათ გვერდით იყვნენ. მაღაროელები თხოვნით მიმართავენ ასევე ენერგეტიკის მინისტრს, ჩავიდეს ტყიბულში და გაფიცულებს მოუსმინოს.
აქცია გამგეობასთან უკვე დასრულდა და გაფიცულებმა ქალაქში დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა.