ნუკრი ქანთარია - ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან

ნუკრი ქანთარია - ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან

საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. 

ქანთარიამ უპასუხა იმ გამოხმაურებებს, რომელიც მომხდარის პირადი მოტივის თაობაზე მის მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ დღესაც იგივე აზრზეა და თეორიულადაც გამორიცხავს რამე პოლიტიკურ მოტივს. 

"მე გულწრფელად, ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე შემძრა ამ ამბავმა და ძალიან გულწრფელად მივედი თანადგომის გასახატად. ვინ რა ინტერპრეტაცია გაუკეთა ამას, მის ღირსებაზე და სინდისზე იყოს. თეორიულადაც კი გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივს. დღესაც ვამბობ, ეს პირადი მტრების გაკეთებულია, ეს არის მათი შეკვეთილი. ასევე გეტყვით, ჯოხებით და იარაღით ერთად საერთოდ არ მიდიან ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა ნუკრი ქანთრიამ. 

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი ერთადერთი არის ის, რომ ეს ფაქტი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს მოხდა. 
"დანარჩენი თეორიულადაც კი წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ეს ჩაიფიქრა და შეკვეთა გააკეთა. ეს არის წინა რეჟიმის ხელწერა, კლასიკური მაგალითები გვაქვს, როცა თვითონ ხელისუფლება ჩადიოდა ასეთ ორგანიზებულ დანაშაულს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.