საქართველოში ორი ოპერატიული სარდლობა იქნება - დასავლეთის და აღმოსავლეთის

საქართველოში ორი ოპერატიული სარდლობა იქნება - დასავლეთის და აღმოსავლეთის

საქართველოს ორი ოპერატიული სარდლობა ექნება დასავლეთის და აღმოსავლეთის, - აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის განცხადებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს.

"ჩვენი მიზანია უფრო მობილური, ბრძოლისუნარიანი და ნატო-ს სისტემასთან თავსებადი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დღეს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა, დასავლეთის და აღმოსავლეთის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, რომ სარდლობის შიდა სტრუქტურები თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს. თინა ხიდაშელს რეფორმის დასასრულებლად ერთი თვე აქვს.

"თვის ბოლომდე მაქვს ვადა და მთავარი ამოცანაა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იყოს ადვილად ოპერირებადი, არ არსებოდებს აბსოლუტური ცენტრალიზაცია და კონცენტრირება მოხდეს ყველანაირი რესურსის იმისათვის, რომ საფრთხის შემთხვევაში საქართველოს ერთი ნაწილი არ აღმოჩნდეს დაუცველი, როგორც აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ პრაქტიკულად შუაზე გაწყდა საქართველო. დიდი მადლობა ყველას ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.