კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან პროექტ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აღნიშნული პროექტის შეჩერებას ითხოვენ და სხვადასხვა შეძახილებს სკანდირებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია "მწვანე მუშტის" წევრმა ნატა ფერაძემ განუცხადა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში დედაქალაქს საგრძნობი ზიანი მიადგება, ასევე არსებობს საფრთხე, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ძველი თბილისის იუნესკოს მსოფლიო კუტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში არ შეიყვანონ, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებები უკვე გააკეთეს.

"ჩვენი დასაბუთებული არგუმენტებით ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ეს იქნება ძველ ქალაქზე ძალადობა. ძველი თბილისი კარგავს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეყვანის შანსს, რის შესახებაც მოგვწერეს საერთაშორისო გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა. ეს არის პრინციპული, როდესაც მთავრობა მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე, კანონდარღვევით ამხელა მშენებლობას ახორციელებს", - განაცხადა ნატა ფერაძემ.

"მწვანე მუშტის" წარმომადგენელის თქმით, აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, სადაც მას პროექტით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით დოკუმენტურ ინფორმაციას მიაწვდიან.