უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა. სხდომის მომხსენებლები არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო ძალების სტრუქტურას განიხილავს და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები იღებენ მონაწილეობას, თუმცა დღევანდელ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ ესწრება, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.

უშიშროების სხდომის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.