ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე ადასტურებს, რომ საბურთალოს სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა.
"რუსთავი 2"-თან საუბრისას, საკანდელიძე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მას იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ.
მისი თქმით, პეტრიაშვილს ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე. თუმცა, როგორც საკანდელიძე ამბობს, მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილნი. საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ წავიდნენ და თავს დაესხნენ.
კახა საკანდელიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს რაიონის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.