"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სიას უგზავნის.
როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სულ 56 ასეთი საქმეა და მათ შორისაა მკვლელობის ან საეჭვო გარდაცვალების 10, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის 5, ცემის 9, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით დაშანტაჟების 5, უკანონო თავისუფლების აღკვეთის 5, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაული 17, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი 26 ფაქტი.
"გუშინ, დღისით, მზისით შეირაღებული თავდასხმა მოხდა პოლიტიკურ ფიგურაზე და სამწუხაროდ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჩვენ ვიცით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ამბავი, ამბავი როცა თავს დაესხნენ ნუგზარ წიკლაურს და მისი გატაცების მცდელობა იყო. თავს დაესხნენ გიორგი ღვინიაშვილს და ჩიორა თაქთაქიშვილს. სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო, როგორც განგსტერული სახელმწიფო ისე ჩამოყალიბდა და წარმოიდგინეთ იქ, სადაც პოლიტიკური ფიგურის უსაფრთხოება არაა დაცული, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ესაა შედეგი იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს", - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ დღეს კრიმინალური სამყარო პორივილეგირებულ მდგომარეობაშია.
"როცა გიორგი კვირიკაშვილის დამტკიცება ხდებოდა, მან აღნიშნა, რომ ყურადღებას მიაქცევდა იმ ათეულობით გაუხსნელ საქმეს, რომელიც დაგროვდა, თუმცა კვირიკაშვილი აგრძელებს მოსახლეობის მოტყუების პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაუხსნელი და გამოუძიებელი საქმეების სიას, სადაც ყველა ფაქტი ჩამოწერილია, წერილობით ვუგზავნით მას რათა გამოიძიონ ეს საქმეები", - აღნიშნა მინაშვილმა.