პაატა ბურჭულაძემ ფოთში

პაატა ბურჭულაძემ ფოთში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისი გახსნა

დღეს ფოთში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისი გაიხსნა, ცერემონიალს თავად პაატა ბურჭულაძე ესწრებოდა. მან ფონდის ფოთის ოფისის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიგი ვაჩეიშვილი წარადგინა.

რაც შეეხება "საქართველოს განვითარების ფონდის" ფოთის თავმჯდომარეს, იგი ჯერ არ აურჩევიათ. პრეზენტაციის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, იგი ფოთის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა, სადაც მოვაჭრეებისა და რიგითი მოქალაქეების პრობლემებით დაინტერესდა. სოციალური სფერო და ეკონომიკა, - ეს ის ძირითადი საკითხებია რაც ფოთელებს აწუხებთ. ხალხთან შეხვედრის შემდეგ პაატა ბურჭულაძე ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მივიდა სადაც შეკრებილებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, რეგიონებში გამოკვეთილი პრობლემების შედეგად ფონდი განვითარების გეგმას შეიმუშავებს, რომლის პერეზენტაციაც თბილისში სამ თვეში შედგება.

"საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისები უკვე გახნილია ახალციხეში, თელავში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ფოთის შემდეგ ფონდის წარმომადგენლები ზუგდიდს ეწვევიან.