უკრაინამ შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში უვიზო რეჟიმის მიღების შანსი დაკარგოს, რადგან ევროკავშირის ყველა მოთხოვნა ვერ შეასრულა. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პარტიის თავმჯდომარე ვიტალი სკოციკმა უკრაინულ გამოცემა "კომენტარი"-სთან საუბარში განაცხადა.
"არის მოთხოვნები, რომელიც უკრაინამ არ შეასრულა. ჩვენ ეს საკითხი ევროკავშირის საგარეო კავშირების ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილეთ. ახლა უკრაინა საქართველოსთან ერთად მიდის ამ გზაზე. თუ ევროკავშირის ყველა მოთხოვნას შევასრულებთ, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 მარტიდან კორუფციის პრევენციის საკითხებზე ეროვნული სააგენტო სრულფასოვნად უნდა ამუშავდეს, ევროპარლამენტის "ზაფხულის არდადეგებისთვის" უკრაინელები ქართველებთან ერთად უვიზო რეჟიმის მიღებას შეძლებენ", - განაცხადა სკოციკმა.
მისი ცნობით, ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უკრაინა "ქართულ პაკეტს გამოეთიშება", რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა დიდი ხანია შეასრულა და დანამდვილებით მიიღებს უვიზო რეჟიმს მიმდინარე წლის ზაფხულში.
თავის მხრივ, რადიო "თავისუფლება" იტყობინება, რომ ევროკომისია მზად არის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესოს, თუმცა უკრაინასთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გადადოს.