არსებული ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იმყოფებოდა

არსებული ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იმყოფებოდა

"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად საბურთალოს სასაფლაოზე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იმყოფებოდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, საკანდელიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, საკანდელიძეს თავდამსხმელებმა შუბლზე იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ, რომ თუკი ის ალექსი პეტრიაშვილს დაეხმარებოდა, მასაც ესროდნენ.

საკანდელიძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.