შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი ფაქტი გაიხსნება. ამის შესახებ მღებრიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
"არ მინდა წინასწარ რაღაც ინფორმაციების მოწოდება. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი მივმართეთ ამ საქმის გამოძიებისკენ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე გაიხსნება და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ", - განაცხადა მღებრიშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.