შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა.
გიორგი მღებრიშვილი პატრიაშვილთან პალატაში იმყოფებოდა და მას გაესაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.