"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ბათუმში, პარტიის ორი წარმომადგენლის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უმჯობესია სამართალდამცავი უწყებები ქვეყანაში გამეფებული კრიმინოგენური მდგომარეობის გამოსწორებით დაკავდნენ, ვიდრე ერთი კაცის ახირებას ემსახურონ.
"ბათუმში, პოლიციის ძალით "ნაციონალური მოძრაობის" მშვიდობიანი აქცია დაშალეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადარგვის პროცესს უკავშირდებოდა. დაკავებულია ჩვენი ორი თანაპარტიელი - სოსლან ზოიძე და სოლომონ ბაჯელიძე.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა გამეფებული, სრული ეკონომიკური კრიზისია, მთელი სამთავრობო გუნდი და პოლიცია ერთი კაცის ახირებას ემსახურება. ჩვენ ვხედავდით, რომ ამ პროცესთან მიმართებაში ყველანაირი სამართლებრივი ფორმები უგულვებელყოფილი იყო, არანაირი უფლება ხეების გადარგვის არ გააჩნდათ და ამ ფონზე ოლიგარქს მაინც თავისი გააქვს.მინდა მივმართო სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჩვენი თანაპარტიელები და ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენური სიტუაციის გამოსწორებით დაკავდნენ", - აღნიშნავს რატიანი.