ციხისძირში, სადაც ხის გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" კარვები გზის მიმდებარედ გადაიტანა.
პარტიის წევრებსა და პოლიციას შორის იყო მცირე დაპირისპირებაც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანას აპროტესტებდნენ. პოლიციელებმა ორი კარავი დაშალეს და გზის მიმდებარედ მინდორზე გადაიტანეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა "პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა". მისივე თქმით, კარვების დაშლა პოლიციას ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.
"იქ, სადაც კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ვახორციელებდით მშვიდობიან აქციას და გამოვხატავდით აზრს, მოვიდა ძალიან ბევრი პოლიციელი და ძალის გამოყენებით დაშალეს ჩვენი საპროტესტო აქცია. ეს მოხდა დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში. იყო გაწევ-გამოწევა და ფიზიკური ძალადობა პოლიციის მხრიდან. ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშილის დავალება. მისი ინტერესია ხის გადარგვაც", - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.
პეტრე ზამბახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებს.
გზაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" კარვები იყო განთავსებული, მძიმე ტექნიკამ ხის გადარგვისთვის საჭირო მასალა უნდა მიიტანოს.