ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ელჩების მოადგილეების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ალიანსის 28 სახელმწიფოს წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აღნიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა.
"აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია. ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2016 საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და ხაზი გაუსვეს საქართველოში მ.წ. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობას. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების წინასწარ დღის წესრიგს.
ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ ასევე, აღნიშნეს ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს აქტიური მონაწილეობა.
ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა.
საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საქართველოს ნატო-სთან თავსებადობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", - აცხადებენ სამინისტროში.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.