ჩამოყალიბდნენ

ჩამოყალიბდნენ "ქართულ ოცნებაში" ვინ გამოთქვამს პარტიის პოზიციას, პრემიერი თუ საპარლამენტო შემადგენლობა

ჩამოყალიბდნენ "ქართულ ოცნებაში" ვინ გამოთქვამს პარტიის პოზიციას, პრემიერ-მინისტრი თუ საპარლამენტო შემადგენლობა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო საკითხებზე პრემიერისა და ინტერპარიული ჯგუფის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ნამდვილად ვერ შეეგება ამ შეხვედრას დიდი ზარ-ზეიმით.

"რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ფორმის დიალოგს, მაგრამ მაშინ როდესაც ერთი მხრივ, გამოდის პრემიერ-მინისტრი და მეორე მხრივ, გამოდიან უმრავლესობის და ფრაქციის ლიდერები და ამბობენ შეხვედრა იქნება მხოლოდ შეხვედრისთვის და შედეგი არ მოჰყვება, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია, მე მგონია, რომ ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ "ქართულ ოცნებაში" ვინ აჟღერებს პარტიის პოზიციას, პრემიერი თუ საპარლამენტო შემადგენლობა. მესმის, რომ პრემიერს ჯერ პარტიული ინტეგრაცია არ გაუვლია და ჯერ ის პარტიის რიგითი წევრია, მაგრამ ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება მაინც უნდა ჰქონდეთ იმ მიმართებაში, თუ რას აპირებს პოლიტიკური გუნდი ისეთ საკითხებზე, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს ეხება და არა მხოლოდ მათ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, თუ რაიმეს გადაწყვეტა სურს პრემიერს, მაშინ დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

"მე ვერ ვიქნები იმის მომხრე, რომ ერთი მხრივ, ჩვენ გვყავდეს ხელისუფალი, რომელიც ცდილობს პოზიტიური და დადებითი სახე შეინარჩუნოს საზოგადოებაში, მაგრამ მეორე მხრივ, გვერდზე ვითარდებოდეს ისეთი მოვლენები, რომელიც აბსოლუტურად არ განხვავდება იმისგან, რაც აქამდე ხდებოდა. მე მივმართავდი ხელისუფლებას, ჩამოყალიბდეს ვისი პოზიციაა ჩვენთვის გასათვალისწინებელი, ვის ვუსმინოთ საპარლამენტო შემადგენლობას თუ პრემიერს და მერე ამის ფონზე მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჩიქოვანმა და ისიც აღნიშნა, რომ ზედმეტ ხოტბას ვერ შეასხმას მხოლოდ და მხოლოდ სურვილს, რომ რაღაც გაკეთდეს. მისივე თქმით, თუ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ეს უნდა ითქვას და არ უნდა მოხდეს მხოლოდ დროის გაყვანა.