სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად მუშაობდა, ასევე მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ირმა ნადირაშვილმა და გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, და საზოგადოებას ის მტკიცებულება გააცნეს, რომლითაც აღნიშნული დგინდება.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე არის კაგებეს ყოფილი ნომენკლატურა.
"მინდა გაგაცნოთ ამონარიდი გაზეთიდან "მცხეთა", რომელიც 1939 წელსაა დაარსებული. უშუალოდ ჩანაწერი კი გაკეთებულია 1985 წლის 22 იანვარს და აქ აღნიშნულია, რომ ამჟამად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად. სწორედ ეს მჭედლიშვილი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. პირი, რომელსაც მინდობილი აქვს ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვა კომუნისტური პარტიის წევრი და მცხეთის პარტიის ინსტრუქტორი იყო. კომუნისტურ პარტიაში ყოფნა პრობლემა არაა, მაგრამ სხვაა როდესაც საქმე გვაქვს პარტიულ თანამდებობასთან", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთის 1985 წლის ნომრით დასტურდება, რომ ამჟამად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად.
"ამის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბ-ნი მჭედლიშვილი ასევე მუშაობდა მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად. ორივე თანამდებობა, პირდაპირ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ე.წ. კაგებეს ნომენკლატურას. ანუ გამოდის რომ დღეს, საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე არის კაგებეს ყოფილი ნომენკლატურა", - აღნიშნა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ მჭედლიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
გიორგი კანდელაკის შეფასებით, მის მიერ თანამდებობაზე გატარებული ყოველი წუთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს.
"გარდა ამისა, ბატონი მჭედლიშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ ვინც ახდენდა მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის ლობირებას, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ბ-ნი მჭედლიშვილია დაკავებული - ბიძინა ივანიშვილის დავალებით - რუსული პროპაგანდის კოორდინაციით და სხვადასხვა მედია საშუალებების დაფინანსებით, რომლებიც ახდენენ აღნიშნული პროპაგანდის გავრცელებას. შეგახსენებთ, რომ ანტიდასავლური პორპაგანდის საქართველოში გაძლიერებაზე სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დაზვერვაც საუბრობდა. ბატონი მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ბანკ "ქართუში" ითვლება პირდაპირ ივანიშვილის კადრად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.