ჩიორა თაქთაქიშვილი:

ჩიორა თაქთაქიშვილი: "ანა დოლიძე აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობოს ინტერესებს იცავდა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს წევრად წარდგენილი ანა დოლიძე, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე მოსკოვში არსებულ, ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა.

თაქთაქიშვილის თქმით, კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა, თავად ეს ორგანიზაცია კი "რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივაა" (Russian Justice Initiative).

"თავისთავად კონსულტაციის გაწევა რუსეთში მოქმედი ორგანიზაციისთვის ან თანამშრომლობა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ამ ორგანიზაციამ 2008-2009 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე ათეული სარჩელი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის და "ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების" სახელით. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა "სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ", რომლითაც მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფოს ადანაშაულებს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობაში. გახსოვთ, რომ "მძინარე ცხინვალის დაბომბვა" და "ოსების გენოციდი" ვლადიმირ პუტინის მთავარი ბრალდებები იყო საქართველოს მაშინელი ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ორანიზაციასთან პარლამენტის წევრი, თამარ ხიდაშელიც თანამშრომლობდა.

"რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივამ სულ რამდენიმე თვის წინაც მიმართა განაცხადით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას. 2015 წლის ნოემბრის შეტყობინებით ორგანიზაცია ითხოვს "ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების" საჩივრების გამოძიებას. კერძოდ, საუბარია 20-დე დაზარალებულის საქმის განხილვაზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ 2008 წლის ომის დროს ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაში, სამოქალაქო პირების მკვლელობებში, გატაცებებსა, და მძევლად აყვანაში",- განაცხადა დეპუტატმა.

თაქთაქიშვილის შეფასებით, "საგანგაშოა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის წევრები პირდაპირ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და რჩევებით ამარაგებენ იმ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს 2008 წელს ომის დანაშაულების ჩადენაში, ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმასა და მკვლელობებში ადანაშაულებს".