ყველა დეპუტატმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ გადაწყვიტოს პრობლემა და არა განცხადებები აკეთოს საკუთარი "პოპულარობისათვის", თორემ არაკომპეტენტურობა ადამიანს პოპულარობას არ მოუტანს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებებს ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ.
ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა, რომ საგადასახადო შეღავათების აღდგენის თაობაზე საკანონმდებლო წინადადება, რომლის ინიცირებასაც ჩაფიძე ითხოვს, უკვე ინიცირებულია.
"მე მგონია რომ ცოტა კარგად უნდა ჩაიხედოს ქალბატონმა ელისომ იმ წესებში, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და გაიგოს. 9-ჯერ ვთქვი, რომ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელზეც მოითხოვს, რომ გინდა თუ არა იყოს ინიცირებული. ქალბატონი ელისოს ინიციატივა არ ყოფილა ეს, ვიდრე გაფიცვა დაიწყებოდა, მანამდე იყო ინიცირებული კანონპროექტი საგადასახადო შეღავათების თაობაზე. ამის შესახებ ითქვა მთავრობის სხდომაზეც. მე, გია ვოლსკი და მირიან წიკლაური ვართ კანონპროექტის ავტორები და თუ არ უნდა ამის ნახვა, ვერ ნახავს ვერასოდეს და თუ ჰგონია, რომ მისი ულტიმატურმის შემდეგ დაიწერება...
ვიდრე გაფიცვა დაიწყებოდა მანამდე დავიწყეთ მუშაობა და რამდენიმე დღეა ეს შეტანილია განსახილველად. მეორე საკითხი - თუ იქ რამე არის გასაკეთებელი, ყველა დეპუტატმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ გადაწყვიტოს პრობლემა და არა განცხადებები აკეთოს საკუთარი "პოპულარობისათვის". ბრჭყალებში ვამბობ პოპულარობას, თორემ არაკომპეტენტურობა პოპულარობას ადამიანს არ მოუტანს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილების შეტანას, დეპუტატის თქმით, არსებობს შესაბამისი წესი, ეროვნულმა საბჭომ, რომლის წევრი ელისო ჩაფიძეც არის, მიმართა ყველა მუნიციპალიტეტს და 1-ელი აპრილიდან დაიწყება განხილვები.
ზოგადად, შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად, გია ჟორჟოლიანის თქმით, საჭიროა შრომის ინსპეციის ეფექტურად მუშაობა.