ყველას ინტერესებშია, რომ საგარეჯოს არჩევნების თემაზე დებატები და დაპირისპირება არ გაგრძელდეს, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროკურატურამ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
"მე ვერ გეტყვით გამოძიების დაწყების მასალად რა იქნა მიჩნეული, მაგრამ თუ გამოძიებამ ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებზე რეაგირებაა საჭირო, ანუ ის, რომ გამოძიებამ გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა საჯარო განცხადებებში, ვფიქრობ, ეს ნათლად და მარტივად შეიძლება მოხდეს და ალბათ, კითხვები ღიად არ უნდა დარჩეს. ყველას ინტერესებშია, რომ ამ თემაზე დებატები და დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც უფრო სწრაფად გაირკვევა ყველა საკითხი, მით უკეთესი იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქარველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" მიმართვა გახდა, რომელმაც პროკურატურას პარლამენტის დეპუტატის და ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა.
გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ საგარეჯოს ოლქში არჩევნები გაყალბდა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.