ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანს იმისათვის, რომ იმკურნალოს, არა აქვს დასაგირავებელი საკუთარი სახლი, ან ქონება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გაგვაჩნია გამოცდილება, ცოდნა და ენერგია და იმის უნარიც გვაქვს, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მიღწევებს რაც შეეხება, შეიძლება ეს ბევრჯერ ითქვა, მაგრამ უბრალო ამბავი არ არის, რომ დღეს არცერთი ბიზნესმენი არ იტყვის, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ან ვინმე რამეს აძალებს. მე არ მეგულება ასეთი ადამიანი. ეს არ არის ყველაზე მთავარი მიღწევა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესია. მიღწევაა ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს უფრო მეტად მოვეფერეთ, მეტი სითბო ვაჩვენეთ თუნდაც, ჯანდაცვის პროგრამის გზით. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანს იმისათვის, რომ იმკურნალოს, არა აქვს დასაგირავებელი საკუთარი სახლი, ან ქონება. ეს კომფორტია მოსახლეობისთვის და ამას მემგონი, ყველა აღიარებს“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა, ხელისუფლების მიღწევებს შორის, სტრატეგიულ მიღწევად ვეროპისკენ თანმიმდევრული სვლა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის წარმატებით დასრულება,დივერსიფიცირებული ექსპორტი, და აბრეშუმის გზის აღორძინების კონცეფციის შესახებ ჩინეთთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაასახელა.
„უდავო მიღწევაა, რომ შევძელით თანმიმდევრულად გაგვეკვალა ჩვენი გზა ევროპისაკენ და სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის წარმატებით დასრულება. მემგონი, ამაზე არავინ იდავებს, რომ ეს საქართველოსთვის რევოლუციური სახის გარღვევაა. თანაც ამას ვაკეთებთ ისე, რომ მაქსიმალურად ავიცილეთ სხვა მიმართულებებიდან მომდინარე საგარეო რისკები. ასევე, ცუდი არ არის, რომ დღეს საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული ექსპორტი, მათ შორის რუსეთის ბაზარზე. ეს მიღწევაა და არ მომხდარა მთავარი, ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორის ხარჯზე. უდავოდ დიდი მიღწევაა, რომ ჩინეთთან გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი აბრეშუმის გზის აღორძინების კონცეფციის შესახებ. ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე. რაღათქმა უნდა, უდიდესი მიღწევა იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი სტრატეგიული მიღწევა, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ძალიან დიდი ნაბიჯებით მივიწევთ ევროპისაკენ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.