ევროპული გზა და ევროპული ინტერგრაცია არის სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა "რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ შარშანდელი წელი დავასრულეთ ძალიან დიდი წარმატებით, როცა ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულებაზე და ამ პერიოდში ჩვენ გვიწევს კიდევ ერთხელ მაქსიმალური მობილიზება მხარდამჭერების, რათა გავანეიტრალოთ ის წუხილები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ მიგრანტების კრიზისიდან გამომდინარე. თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ასოცირება მიგრანტების კრიზისსა და საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საბოლოო დასრულებას შორის და დადებითი დასკვნა მივიღოთ როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ევროპარლამენტში, რათა ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდეს და საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს საშუალება, რომ თავისუფალ იმოგზაურონ ევროპაში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დადებითი დასკვნის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კუთხით.
„ მხედველობაში მაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე პოლიტიკური კუთხით, ვინაიდან ეს ამყარებს საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მოქალაქეების მოტივირებას, რომ ევროპული გზა და ევროპული ინტერგრაცია არის სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.