შეუძლებელია, ქალაქის მერმა დეტალურად გადაამოწმოს ყველა დოკუმენტი, რასაც ხელს აწერს. მე დღის განმავლობაში 100-ზე მეტ დოკუმენტს ვაწერ ხელს. ასეთი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორ ლეონიდ გერგედავას ქალიშვილის საფრანგეთში ცხოვრების ხარჯების დაფინანსებაზე.
მისივე თქმით, ეს არის შეცდომა, რომელიც შესაბამის სამსახურს მოუვიდა. "თუმცა, ამით ქვეყანა არ დაქცეულა".
"განცხადება იმაში მდგომარეობდა, რომ მოქალაქემ საზღვარგარეთ სწავლის თანადაფინანსება ითხოვა. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთ მოქალაქეებს. გუშინ ერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩვენ მას სოციალურად დაუცველთა მუხლიდან დავეხმარეთ. ასეთი რამ ნამდვილად არ არსებობს. მუხლის დასახელებაა "სხვა სოციალური ღონისძიებები", საიდანაც ფინანსდება სწავლის გადასახადი იმ ოჯახებისთვის, რომელებიც შეჭირვებულები არიან. აქ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს ოჯახი შეჭირვებული არ ყოფილა და ამის გადამოწმება იყო აუცილებელი, რაც არ მოხდა. ეს არის ჩვენი აზრით გადაცდომა. სწორედ ამიტომაც გატარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. ახალგაზრდული სამსახურის საშუალო რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნარმანიამ.
საუბრისას დედაქალაქის მერს გათავისუფლებული პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
მედიის წარმომადგენლებმა ნარმანიას ასევე კითხვით მიმართეს, რატომ არ გაუჩნდა დედაქალაქის მერს კითხვა, შეჭირვებული ადამიანი რატომ ითხოვდა პარიზში ცხოვრების დაფინანსებას.
"შეუძლებელია ქალაქის მერმა გადაამოწმოს ყველა დოკუმენტი დეტალურად რასაც ხელს აწერს. მე დღის განმავლობაში 100-ზე მეტ დოკუმენტს ვაწერ ხელს. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობები განაწილებულია რანგების მიხედვით. ყველა, ვისაც დოკუმენტაციასთან აქვს შეხება, მოამზადოს დოკუმენტაცია მაქსიმალური სიზუსტით. თუმცა, შეცდომები მოსდის იმას, ვინც მუშაობს და ბევრს აკეთებს. მთავარია ამით ქვეყანა არ დაქცეულა, სასწაული არ მომხდარა. კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ. როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, პროკურორმა თანხა დააბრუნა", - აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ყოველთვის ითხოვს ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ამაში უცნაური და უცხო არაფერია.
ისან-სამგორის რაიონული პროკურორის ლეონიდ გერგედავას ქალიშვილის თამარ გერგედავას სასწავლებლად პარიზში ცხოვრება მერის სარეზერვო ფონდიდან 5400 ლარით დაფინანსდა. "ინტერპრესნიუსს" გერგედავამ გუშინ განუცხადა, რომ თბილისის მერიას, სწავლის მიზნით, მისი შვილის პარიზში საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებისთვის გამოყოფი თანხა უკან დაუბრუნა.
გუშინვე თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ის თანამშრომელი, რომელმაც თამარ გერგედავასთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე შუამდგომლობა მოამზადა, სამსახურიდან გათავისუფლდება.