ამა თუ იმ კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნამდე კონსულტაციებს კანონი არ კრძალავს და თუკი ასე არ მოხდება, შესაძლოა სასამართლო სისტემაში ვერც ერთი მოსამართლე ვერ მოხვდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ განუცხადა, რომელიც ლევან მურუსიძის მიმართ არასამთავრობოების კრიტიკას გამოეხმაურა. კერძოდ, ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლედ დანიშვნამდე საბჭოს წევრები კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მიმდინარეობისას საგანგაშო მიდგომა უწოდეს. კახა სოფრომაძე აღნიშნავს, რომ კანონი კონსულტაციებს არ კრძალავს.
"კანონი არ კრძალავს კონსულტაციებს. კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის კანდიდატებთან. ეს არის აზრის გაცვლა, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით და შესაძლოა, იქ საბჭოს წევრებმა სულ სხვაგვარი გადაწყვეტილება დააფიქსირონ. აქედან გამომდინარე, კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შედეგი იქნას დადებული, სხვა შემთხვევაში არსებობს 14 ადამიანის აზრი და ძალიან ხშირად ის ერთმანეთს ვერ დაემთხვევა, ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება მოხდეს ისე, რომ სასამართლო სისტემაში ვერც ერთი მოსამართლე ვერ მოხვდეს", - განაცხადა კახა სოფრომაძემ.
შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა კანონი კონსულტაციებს მოსამართლედ დანიშვნამდე კანდიდატებთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ კანონში შესაბამისი არც ჩანაწერი არსებობს, არც აკრძალვა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კონსულტაციის გამართვით, სოფრომაძის თქმით, კანონს არ არღვევენ.