სოფელ რუხში 220-ადგილიანი საავადმყოფო მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება

სოფელ რუხში 220-ადგილიანი საავადმყოფო მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება

სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები დღეს დაათვალიერა.

კლინიკის მთავარი შენობა დასრულებულია, მიმდინარეობს სხვა დამხმარე შენობების მშენებლობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა მოეწყობა, ასევე - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები. მინისტრის ინფორმაციით, გახსნის შემდეგ, კლინიკაში 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევს. საავადმყოფო ასევე მოემსახურება რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი აშენდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარია. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.