"ქართული ოცნება" მარტო გავა არჩევნებზე, თუ კოალიციურ რეჟიმში, უმრავლესობას აიღებს

"ქართული ოცნება" მარტო გავა არჩევნებზე, თუ კოალიციურ რეჟიმში, უმრავლესობას აიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიიღებენ თუ არა "მრეწველები" და "რესპუბლიკელები" მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, "კოალიციაში არავინ არავის არ იჭერს".

რაც შეეხება ბოლო დროს ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარეს, გოგი თოფაძესა და "რესპუბლიკელებს" შორის დაპირისპირებას, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, აღნიშნული ინციდენტით ოპოზიციამ ძალიან გაიხარა.

"ნაციონალური მოძრაობა" ნეტარებაში იყო ჩავარდნილი და ჟურნალისტებმაც კარგად იხალისეთ ამით. მაგრამ ეს არ იყო ისეთი მოვლენა, რომელმაც კოალიციის პერსპექტივა უნდა შეაჩეროს. რა თქმა უნდა, უსიამოვნო ინციდენტია, აშკარად არასაჭირო, მაგრამ არის პიროვნული დაპირისპირება და ეს არ არის პარტიათა შორის შუღლი, პარტიათა შორის ომი, რომელმაც შეიძლება რაღაც გარკვეული ზარალი მიაყენოს", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატმა ორივე მხარეს ურჩია, რომ ამ საკითხს წერტილი დაუსვან და თუ რამეა განსახილველი, ეს კოალიციურ რეჟიმში მოხდეს.

"დროა უკვე დასვან ამ საკითხზე წერტილი, დამთავრდეს ეს ამბავი. თუ რამეა მოხდეს კოალიციურ რეჟიმში ამის განიხლვა, უფრო საქმიანად, ვისაც გასვლა უნდა, თუ არ უნდა, თუ როგორ უნდა, თორემ ეს მართლაც იცვლის და სულ სხვა ჟანრში გადადის. თუ აქამდე მხოლოდ თქვენ ხალისობთ, მერე, ალბათ, ძალიან ბევრისთვის სასეირო მდგომარეობა იქმნება. ზოგჯერ ვერ ხვდებიან ეს რესპონდენტებიც, რომ სეირის გმირები გამოდიან და არა რაღაც სერიოზული საქმის მსჯელობის ავტორები", - განაცხადა ქანთარიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოახლოვდა არჩევნები და "ბევრს ნერვები ღალატობს". ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ ყველაფერი დაწყნარდება.

"ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ "ქართული ოცნება" მარტო გავა არჩევნებზე, თუ კოალიციურ რეჟიმში, უმრავლესობას აიღებს, - განაცხადა ქანთარიამ.