მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, სამი-ოთხი წლის წინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ახლა საზოგადოებას ალბათ იგივე განცდა აღარ აქვს.
"მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა და ალბათ ეს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ, რომელიც მოვა კანონის უზენაესობის განმტკიცებით, მოვა იმით, რომ სასამართლო სისტემის თაობაზე შედგება კონსენსუსი საზოგადოებაში, როცა სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა, როდესაც ადამიანის ყველა თავისუფლება იქნება დაცული, ალბათ მაშინ იქნება თავისუფლების უფრო მაღალი განცდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული წინ ამ საკითხში, მაგრამ არ ვართ იდეალურები და ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკმაოდ თავისუფალი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.