საგანგაშოა, რომ მურუსიძე მოსამართლის დანიშვნამდე საბჭოს წევრების ერთმანეთთან კონსულტაციებს ნორმალურ მიდგომად მიიჩნევს

საგანგაშოა, რომ მურუსიძე მოსამართლის დანიშვნამდე საბჭოს წევრების ერთმანეთთან კონსულტაციებს ნორმალურ მიდგომად მიიჩნევს

საგანგაშოა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მოსამართლის დანიშვნამდე საბჭოს წევრების ერთმანეთთან კონსულტაციებს ნორმალურ მიდგომად მიიჩნევს, - ამის შესახებ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე ლევან მურუსიძის განცხადების საპასუხოდ ორგანიზაცია "მოსამართლეთა ერთობის" ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მურუსიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლედ დანიშვნისას საბჭოს წევრები კანდიდატების შესახებ ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს.

"არასამთავრობოები და საბჭოს სხდომებზე დამსწრე პირები ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ყოველთვის გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ჰქონდათ მოსამართლის დანიშვნამდე გარკვეული კონსულტაციები გავლილი და შეთანხმებული იყვნენ ამა თუ იმ კანდიდატზე. საგანგაშოა, რომ ლევან მურუსიძე ასეთ მიდგომას ნორმალურად მიიჩნევს. სწორედ ასეთი მიდგომის საფუძველზე ხდება სხვადასხვა მოსამართლეების დანიშვნა. ის, რაზეც ვეჭვობდით დადასტურდა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა რიგგარეშე მე-17 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გნაცხადა, რომ როდესაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი დამთავრდება, ხდება კონსულტაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამა თუ იმ კანდიდატის დანიშვნის შესახებ.