როდესაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი დამთავრდება, ხდება კონსულტაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამა თუ იმ კანდიდატის დანიშვნის შესახებ, - აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა რიგგარეშე მე-17 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
აღნიშნულ საკითხზე "ინტერპრესნიუსი" ლევან მურუსიძეს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ ეს ჯანსაღი პროცესია. კერძოდ, მისი განმარტებით, როდესაც კონკურსი დამთავრდება საბჭო გადის კონსულტაციებს, რომ კანდიდატზე შეჯერდეს.
"სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ფარული კენჭისყრის ათი ხმა როგორ უნდა იქნას მიღწეული იმ პირობებში, როდესაც დანიშვნას 10 ხმა სჭირდება. ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია. კანონში ასეთი შეზღუდვა არ არის. ხდება ასე, როდესაც მეორე ტურში ვთქვათ ერთმა კანდიდატმა მიიღო 9 ხმა, მეორემ 5, გავდივართ კონსულტაციებს ხომ არ არის ის კანდიდატი უფრო მისაღები, რომელმაც 9 ხმა მიიღო, ან ის კანდიდატი, რომელმაც 5 ხმა მიიღო. ამის შემდეგ ვიღებთ დანიშვნაზე გადაწყვეტილებას. ამაში კლანური არაფერია, ეს ჯანსაღი პროცესია", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მან მაგალითად მოიყვანა, რომ როდესაც პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნიშნავს, იგი კონსულტაციებს გადის პარლამენტის ფრაქციებთან.