ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი, კაცო გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე საუბრისას აღნიშნა.
გოგი თოფაძემ საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არაკორექტულად მოიქცა, როდესაც საგარეჯოში 526 ჯარისკაცი ჩაიყვანა.
როგორც გოგი თოფაძემ აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გაიმართა თათბირი, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდა და მასზე გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი ირიცხებოდა, არ გახსნილიყო და მათი გადანაწილება სხვადასხვა უბანზე მომხდარიყო. მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი ოქმიც არსებობს.
გოგი თოფაძის თქმით, როდესაც ხიდაშელის თანაგუნდელი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჯარისკაცები იმ რეგიონში ერთი წელია დგანან, ეს არის ტყუილი და სიყალბე.
"საერთოდ, დავით ბერძენიშვილს ძალიან გაუვიდა თავს. პარტიის პოლიტიკური ლიდერი უნდა უფიქრდებოდეს, რომ საზოგადოებას ასეთი ტყუილი და სიყალბე არ უნდა აკადრო. როცა პოლიტიკოსი საჯაროდ გამოდის, ცოტა უნდა დაუფიქრდეს, რომ საზოგადოებაში მისმა განცხადებებმა ირონიული ღიმილი არ გამოიწვიოს", - განაცხადა თოფაძემ.
ამასთან, გოგი თოფაძემ ძმები ბერძენიშვილები კიდე ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ერთი ძმისთვის სტალინის ცნება მიუღებელია, ხოლო მეორე ვაჟა ფშაველას, ილიას ცუდად იხსენებს.
"ერთი ძმა აცხადებს, რომ სტალინის ცნება მიუღებელია, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, თუ ასე ვიზამთ. მეორე ძმა ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძეს ასწავლის თავის სტუდენტებს, ძალიან ცუდად იხსენებს. თუ ჩვენ ქვეყანა ვართ, საქართველო ვართ ჩვენი კულტურითა და ისტორიით, ალბათ, ეს გამოჩენილი პიროვნებები ასე არ უნდა ლანძღოს ქართველმა კაცმა. მე არასდროს მითქვამს, რომ სტალინი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში იყო გამორჩეული. ის იყო უდიდესი პიროვნება, მსოფლიოში აღიარებული და მე-20 საუკუნეში გამოცხადებულია, როგორც ყველაზე შედეგიანი და ყველაზე გენიალური მმართველი", - განაცხადა თოფაძემ.
მისივე თქმით, თუ ევროკავშირი სტალინის ხსენებას გვიშლის და თუ ადამიანების უფლებების დაცვაზე ვლაპარაკობთ, მაშინ რატომ არიან ევროკავშირის წევრები გერმანია, იტალია და კიდევ სხვა ქვეყნები.
"ჩვენი ისტორია, კულტურა საამაყოა, არ შეიძლება ასეთი პიროვნებები, როგორიც ვაჟაა, ილიაა, თუნდაც სტალინია, არ შეიძლება მათზე ხელაღებით ლაპარაკი. მაშინ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ვლაპარკობთ, რომ ისტორია ჰქონდა. ამიტომ ამ საკითხებში არ ვეთანხმები მათ და ზოგიერთებს, ვინც ამას ქადაგებს", - განაცხადა თოფაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთელი ეს დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც თავად პრეზიდენტი გააკრიტიკა, ხოლო ამის გამო თინა ხიდაშელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას, გოგი თოფაძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს პატივს სცემს, ის შესანიშნავი ეკონომისტია და მან საკმაოდ დელიკატური განცხადება გააკეთა.
"მან საკმოდ დელიკატური განცხადება გააკეთა, ძმების განცხადებას კი არ ჰგავს. მან გააკეთა დელიკატური განცხადება, რაც უნდა ეთქვა. რბილად თქვა, ასეც უნდა ეთქვა. მე მივიღე მისი შენიშვნა, თუმცა ჩემს აზრზე ვრჩები. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ასეთი დარღვევა შეიძლება იკადროს მინისტრმა, რა ნაპოლეონი მყავს, სუვოროვი, თუ კუტუზოვი, კაცო გამაგებინეთ, თავი მოგვჭრა. ბევრჯერ დაგვხვდება ჩვენ ეს დარღვევა იმიტომ, რომ ბევრი არჩევნები გველის წინ და ყველგან წამოგვაყვედრებენ ამას", - განაცხადა თოფაძემ.