ბრიუსელი და ლონდონი დიდი ბრიტანეთისთვის შეღავათებზე შეთანხმდნენ. როგორც "ბიბისი" წერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის რეალიზებაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას აიცილებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის შეფასებით, ქვეყანამ ევროკავშირში განსაკუთრებული სტატუსი მიიღო.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ლონდონი ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩასულ იმიგრანტებს სოციალურ დახმარებას არ გადაუხდის.
დოკუმენტში ასევე ჩამატებულია პუნქტი, რომლის მიხედვით დიდ ბრიტანეთს არ ეხება ევროკავშირის მიერ დაანონსებული "ინტეგრაციის გაღრმავების" პოლიტიკა, ასევე, დიდი ბრიტანეთი არ გაიღებს ხარჯებს ევროზონის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
შეთანხმებაში ასევე გათვალისწინებულია, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს უფლება ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში არ მიიღოს მონაწილეობა.
ქემერონის თქმით, "დიდი ბრიტანეთი ევროპული სუპერსახელმწიფოს ნაწილი არასდროს გახდება".
როგორც "ბიბისი" წერს, ქემერონი სავარაუდოდ, ორშაბათს განაცხადებს, რომ ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება გაზრდის იმ ბრიტანელთა რიცხვს, რომლებიც რეფერენდუმის დროს სამეფოს ევროკავშირში დარჩენას დაუჭერენ მხარს.
მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის სტატუსზე ბრიუსელის სამიტზე დაახლოებით 40 საათს გაგრძელდა.
როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების პრიორიტეტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობაში შენარჩუნება იყო.