ლუკ კოფის განცხადებით, ნატო-მ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხში სერიოზულად არის განწყობილი

ლუკ კოფის განცხადებით, ნატო-მ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხში სერიოზულად არის განწყობილი

ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოს ლუკ კოფის განცხადებით, ნატო-მ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხში სერიოზულად არის განწყობილი. 

როგორც კოფიმ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა, ნატო-მ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა.

"ნატო-მ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში წევრი სახელმწიფოების თავდაცვაზე უნდა იზრუნოს 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების შესაბამისად. არ არის საჭირო ნატო-მ ყველგან, ყველაფერი აკეთოს, თუმცა წევრები უნდა დაიცვას ჯარით და ტექნიკური საშუალებებით. მაგალითისთვის, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს. თუმცა ნატო-მ ღია კარის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა საქართველო, რათა საბოლოო ჯამში ის ალიანსში დაუშვან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხშირად გაიგონებთ შედარებებს საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ეს ორი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან განსხვავდება, საქართველო წლებია ინტეგრაციისთვის ემზადება, უკრაინა კი ამ პროცესს ძალიან დაშორებულია", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისივე შეფასებით, ნატო სწორედ მოიქცა, როცა მონტენეგრო მიიწვია და ახლა ალიანსმა უნდა დაამტკიცოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი საქართველოს გაწევრიანების საკითხშიც. 

"მაგალითისთვის, ამერიკამ და მოკავშირეებმა თბილისს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა მიაწოდონ. ერთი სიტყვით, ნატო-მ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს რომ ქვეყანა სწორ გზაზეა, დაგეხმარებით და ალიანსში ბოლოს და ბოლოს მიგიღებთ, კარი კვლავაც ღიაა", - განაცხადა კოფიმ.