“წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა მყისიერად რეაგირებს”

“წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა მყისიერად რეაგირებს”

საკრებულოს წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, მერის სარეზერვო ფონდიდან საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკანონო არაფერი ყოფილა. 

“რაც შეეხება ქალბატონ თამარ გერგედავას, მერის სარეზერვო ფონდი ამასთან დაკავშირებით სრულად იყო უფლებამოსილი და იქ უკანონო ნამდვილად არაფერი ყოფილა. უკანონო ან გადაცდომა შეიძლება ყოფილიყო სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის თანმშრომლის მერ გამოწერილი შუამდგომლობა მერის სახელზე და ამით ბატონი მერი იქნა შეცდომაში შეყვანილი“, - აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა მსგავს ფაქტებზე მყისიერად რეაგირებს.

„ეს არის სწორედ ჩვენსა და მათ ხელისუფლებას შორის განსხვავება. მათ მიერ ხდებოდა ქონების არამიზნობრივი გაფლანგვა და განიავება, ხოლო ჩვენს მიერ, აბსოლუტურად ყველა დარღვევაზე ხდება მყისიერი რეაგირება, როგორც ეს იყო სხვადასხვა შემთხვევებში. ყველა შემთხვევაზე, ეს იქნება გადაცდომა, თუ დანაშაული, დაწყებული იყო მოკვლევა და მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები ყველა თანამშრომლის მიმართ“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

მან აღნიშნა, რომ „ტივზე ერთი ქეიფი „ნაციონალურ მოძრაობას“ 32 ათასი ლარი უჯდებოდა.“

როგორც მან საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და მისი ოჯახის წევრები თბილისის მერის სარეზერვო ფონდის თანხებს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.

ჯიშკარიანის თქმით, „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში“.

„მინდა კონკრეტული ციფრები მოვიყვანო. აქ არის ბუდა-ბარში ერთ-ერთ საღამოზე დახარჯული თანხა, რომელიც შეადგენს 58 ათას ლარს, ასევე ტივზე ერთი ქეიფი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჯდებოდა 32 ათასი ლარი. ფინანსდებოდა მათი ახლობლების ოპერაციები სილამაზისთვის: ქალბატონი ლელა კილაძე და მისი დაქალები, თანხებს იღებდნენ მერიის პირადი სარეზერვო ფონდიდან, მერიის ბიუჯეტიდან და ხალხის ფულის მოხმარება ხდებოდა მათ საკეთილდღეოდ და მათი ვნებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.