საქართველოს პარლამენტმა დღეს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, გოგა ხაჩიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნებიდან" აცნობეს, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ წარმოადგინა დასაბუთებული მტკიცებულებები, თუ რატომ არ უჭერს მხარს კანონპროექტს.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანაფი არ იწვევს დამოკიდებულებას, მცდარია. მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც უეცრად ხდება ნარკოტიკების კონტროლის მკვეთრად შესუსტება, ადგილი აქვს მოსახლეობაში ნარკოტიკების მოხმარების მატებას. ხოლო სასჯელი მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში, 300 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, არასრულსლოვნების შემთხვევაში კი მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა უნდა მიესაჯოთ.
"ნარკოტიკული საშუალებების შესახებ" გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის მიხედვით, მარიხუანა, იგივე კანაფი, შეტანილია კონვენციის I სიაში, რადგან ის მიჩნეულია სერიოზული რისკის შემცველად და ექვემდებარება კონვენციით განსაზღვრულ ყველანაირ კონტროლს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაეროს კონვენციები სახელმწიფოებს სთხოვს კანაფთან მიმართებით დააწესონ კონტროლის ყველაზე მკაცრი ფორმა. განსაკუთრებით საზიანოა კანაფის ხშირი მოხმარება ბავშვობაში. არადა, ცნობილია, რომ ადამიანები უხშირესად, სწორედ მოზარდობის წლებში სინჯავენ კანაფს. ევროპასა და აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდობის ასაკში კანაფის მოხმარება იწვევს ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებას. ასევე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანას მოხმარება ხელს უწყობს ფსიქიკური დარღვევების (შიზოფრენია) განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებში, სადაც უეცრად ხდება ნარკოტიკების კონტროლის მკვეთრად შესუსტება, ადგილი აქვს მოსახლეობაში ნარკოტიკების მოხმარების მატებას, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ლიბერალიზაციის პირველ წლებში. მსგავსი დინამიკა აღინიშნება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ფართოდ არის დანერგილი პრევენციული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები, უნდა იყოს ზომიერი, მაქსიმალურად დაბალანსებული და კოორდინირებული.
მინდა ხაზგასმით გამოვყო, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის გავრცელებული აზრი, თითქოს კანაფი არ იწვევს დამოკიდებულებას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას მავნედ მომხმარებელთა 10%, მოზარდობის ასაკში მომხმარებელთა 17%, ხოლო ყოველდღიურ მომხმარებელთა 25-50%, ხდება დამოკიდებული.
ამის გამო, ვერ დავეთანხმებით ნარკოტიკული საშუალების - კანაფის შემთხვევაში პასუხისმგებლობის შემსუბუქებას.
ადმინისტრაციული პატიმრობა ვერ იქნება გამოყენებული, თუმცა სახდელის სახით, მხოლოდ ჯარიმა არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მიზანშეწონილი იქნება გათვალისწინებული იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან სხვა ანალოგიური სახდელი, რასაც სამართალდამრღვევი თვითონ შეასრულებს. ეს გამართლებული იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართლადამრღვევს არ აქვს შემოსავალი. ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ჯარიმის გამოყენება ოჯახის წევრების დაჯარიმებას უფრო ემსგავსება, ვიდრე სამართალდამრღვევის, ან უბიძგებს სამართალდამრღვევს დანაშაულის ჩადენას.
არ ვეთანხმებით ჯარიმის თანხის 100 ლარამდე შემცირებას, და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 300 ლარით, ვინაიდან მარიხუანაც, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალებების ერთიან სიაშია მოცემული და არა გამოცალკევებული სახით, როგორც უფრო მსუბუქი. ახალგაზრდის, მოსწავლის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შიდა პატიმრობის ან გადაადგილების შეზღუდვის სანქციის გამოყენება.
როდესაც მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ მის დადებით თვისებებს, რაც დამატებით მომხიბლველობას სძენს მას მოზარდების თვალში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ აზრებს ახმოვანებენ პოპულარული სახეები, ახალგაზრდების როლური მოდელები. ყოველივე ეს ძალიან ემსგავსება პროპაგანდას და საფრთხეს უქმნის ახალგაზრდების ჯანმრთელობას.
გარდა ზემოხსენებულისა, მნიშვნელოვანია, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ნაბიჯებს თან ახლდეს გაძლიერებული კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები. თუკი განხორციელდება კანაფის კონტროლის ლიბერალიზაცია, პარალელურად უნდა ფართოდ დაინერგოს ნარკოტიკების მოხმარების და კონკრეტულად მარიხუანას მოხმარების პრევენციული პროგრამები; უნდა მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ე.წ. ჯანსაღი ალტერნატივების ხელშეწყობა, მათ შორის რეგიონებში.
მოხმარების სავარაუდო ზრდის მიერ მოტანილი ზიანის შესამსუბუქებლად უნდა დაინერგოს საკონსულტაციო-სამკურნალო ცენტრები, მათ შორის რეგიონებში, ვინაიდან მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ რეგიონებში მოსალოდნელია კანაფის კულტივირებისა და მოხმარების საგრძნობი ზრდა,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.