კოალიციაში თუ დავრჩებით,

კოალიციაში თუ დავრჩებით, "რესპუბლიკელების" ყოფნა რამეს კი არ მოგვიმატებს, მე მგონი, უფრო მეტს წაგვართმევს

კოალიციაში თუ დავრჩებით, "რესპუბლიკელების" ყოფნა რამეს კი არ მოგვიმატებს, მე მგონი, უფრო მეტს წაგვართმევს, - ამის შესახებ დეპუტატმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას განაცხადა.

ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ გიორგის, ძალიან კარგი ეკონომისტია, განათლებული, ინტელიგენტია და მივესალმები მის ყოფნას პრემიერ-მინისტრად, არც ყოფილთან მქონდა რაიმე პრეტენზია, დიდი პატივისცემით ვიყავი... არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია. როცა "მრეწველებმა" მოვაწერეთ ხელი და შევედით კოალიციაში და რომ ტრაბახობენ, რომ ჩვენ პირველი შევედით, ასე არ იყო. როგორც მეწარმეს მე მქონდა პრობლემები და მეორე თუ მესამე დღეს ვნახე ბიძინა ივანიშვილი და ვუთხარი, რომ ცოტა ხანი დამჭირდება შემმოწმებლები რომ მოვიცილო და მერე შენს გვერდში ვიქნები ყველაფერში-მეთქი. შევთანხმდით. ახლა ჩვენ პირველი მივედითო და ლამის იმას ლაპარაკობენ, ბიძინამ კი არ გაგვიყვანა ჩვენ, "რესპუბლიკელების" გაყვანილი ვართ. ჩვენ ვართ წამყვანი ძალაო. რატომ არიან წამყვანი ძალა? მათი ყოფნა ჩვენ თუ რამეს მოგვიმატებს კოალიციაში თუ დავრჩებით შემდეგში, მე მგონი უფრო მეტს წაგვართმევს", - განაცხადა თოფაძემ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა ძალიან ცუდი საქმე გააკეთა, როდესაც "526 ჯარისკაცი ჩამოყარა საარჩევნოდ".

"ბერძენიშვილი იტყუება, ერთი წელია იქ იდგა ეს ჯარიო. დოკუმენტს განახებთ როცა ოქტომბერში, წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარდა შეკრება. თეა წულუკიანი იყო წამყვანი, იყვნენ მინისტრები, მოადგილეები, ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სადაც ეს საკითხი კონკრეტულად განიხილა, რომ მუხროვანის მე-13 უბანში 25 ჯარისკაცია და არ ღირს იქ უბნის გახსნა და დადგინდა, რომ ის უბანი უნდა გაუქმდეს. ამის მერე 526 ჯარისკაცი ჩამოიყვანეს საქართველოს ყველა კუთხიდან", - განაცხადა თოფაძემ და დასძინა, რომ ამ ფაქტმა "ქართული ოცნების", როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩამტარებელი ხელისუფლების იმიჯს ზიანი მიაყენა", - განაცხადა თოფაძემ.