საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არ ვარ

საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არ ვარ

გოგი თოფაძეს მე თუ დაბალი ღობე ვგონივარ, არ ვურჩევ შეცდეს - საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არა ვარ, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, თოფაძეს ახლა მასთან საქმე არა აქვს, ვინაიდან თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იგი ჩირქს სცხებს საქართველოს მთავრობას. ბერძენიშვილმა თოფაძეს მოუწოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პასუხი გასცეს.

"მას სერიოზულად ბრალი დაედო ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. რაც უნდა ის თქვას ბატონმა თოფაძემ, აბსოლუტურად უმნიშვნელო ფიგურაა. ჩემთვის მან ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა. არც ადამიანური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით თოფაძე რას იტყვის, არ მაინტერესებს. რამენაირად გავუმკლავდებით და გადავიტანთ. რაც შეეხება პრემიერს, მას პასუხი სჭრიდება, ვინაიდან მან თქვა, რომ თოფაძემ არა პარტიას, არამედ სახელმწიფოს და მთავრობას მოსცხო ჩირქი. მე თუ დაბალი ღობე ვგონივარ, არ შეცდეს, არ ვურჩევ, საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არა ვარ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეპუტატ გოგი თოფაძესა და "რესპუბლიკელებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებას დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.