"ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მცირე რაოდენობით მარიხუანას, არ აწარმოებენ და არ არიან გადამყიდველები, ციხეში არ უნდა მოხვდნენ. მაგრამ არც იმის დაშვება ვარგა, რომ ეს იყოს ჩვეულებრივი თემა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა გია ვოლსკიმ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, აუცილებელია შესაბამის კანონზე მუშაობა და ამ თემაზე სპეკულაცია ყოვლად მიუღებელია. "ფსიქოლოგიური განწყობა საქართველოში არ არის პოზიტიური. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ლიბერალური ფასეულობები და კულტურის თუ სხვა სფეროში არიან დაკავებულები, რადიკალურად განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, რომლებიც თუნდაც ახალგაზრდობაში იწყებენ ნარკოტიკის მოხმარებას. მე ცოტა მინახავს, ვინც მძიმე ნარკოტიკზე არ გადადის და ჯანმრთლეობას ზიანს არ აყენებს. ვისაუბროთ იმაზე, რამდენად რეალურია საკონსტიტუციო გადაწყვეტილება იმ კანონმდებლობასთან, რაც გაგვაჩნია. მოვიყვანოთ კანონი შესაბამისობაში და დავანებოთ თავი სპეკულაციას. თითქოს კარგი ბიჭები არიან ისინი, ვინც მარიხუანას ეწევიან და ცუდი ბიჭები არიან, ვინებიც ღვინოს სვამენ ან სადღეგრძელოებს ამბობენ", - აღნიშნა გია ვოლსკიმ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტში პლენარულ სესიაზე დეპუტატები გოგა ხაჩიძის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.