მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება შეფარდებული და საფრთხე, რაზეც ახლა არის საუბარი, არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე ინიცირებული პროექტის განხილვისას განაცხადა.
ამ კონტექსტში ხმალაძემ ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასული წლის ოქტომბერში მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა. დეპუტატის შეფასებით, გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა წარმოდგენილი სახით არ უნდა მიიღოს, მაგრამ უნდა მომზადდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან იქნება შესაბამისობაში.
"პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასახავს. რაღაც ნაწილში პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება. საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა იმისთვის, რომ კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან იყოს შესაბამისობაში. იმის თქმა, რომ თუკი ჩვენ ამას არ მივიღებთ, მაშინ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს ციხეში ჩასვამენ, მინდა გითხრათ, რომ ასე არ არის. მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას სასამართლოები ვეღარ მიუსჯიან და არც უსჯიან", - განაცხადა ხმალაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება არაკონსტიტუციურია.