ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის შეფასებით, ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწისთვის საქართველომ ბევრი გააკეთა. თუმცა ჯერჯერობით რჩება სისტემური პრობლემები კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში.
როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მიესალმება ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის გამკაცრებას, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერის მრჩევლის თანამდებობის შემოღებას და ადრეული ქორწინების აკრძალვას. ამასთან მიიჩნევს, რომ საჭიროა აღმასრულებელ შტოში არსებობდეს მექანიზმი, რომელიც კოორდინაციას გააუმჯობესებდა.
სიმონოვიჩის თქმით, საქართველოში არსებობს გენდერული სტერეოტიპები, პატრიარქალური მიდგომები, რის გამოც ქალთა მიმართ ძალადობა აღქმულია ფაქტად, რომელიც ოჯახში უნდა დარჩეს, ეს სტერეოტიპი განსაკუთრებით ძლიერია სოფლებში. აქედან გამომდინარე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ექსპერტის თქმით, საჭიროა მუშაობა ცნობიერების ამაღლების კუთხით.
დუბრავკა სიმონოვიჩის თქმით, ძალიან გაუმჯობესებულია პოლიციის მუშაობა, მათ ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები, ასევე, 500 ქალბატონი დასაქმდა პოლიციაში, თუმცა ამავდროულად ის მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი დამცავი და შემაკავებელი ორდერის გაცემა.
"მომახსენეს, რომ შემაკავებელი ორდერების გაცემა გაზრდილია. მაგრამ არ არის გაზრდილი დამცავი ორდერების გაცემა. უფრო მეტი პოლიციელი უნდა იქნას დატრენინგებული. კარგი იქნება, თუ ქალბატონები თავიანთ კარიერას გააგრძელებენ პოლიციაში, რაც აღნიშნა კიდევაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა თაობაში და ასევე, აუცილებელია გენდერული თანასწორობის შესახებ საგანი შეტანილ იქნას სასკოლო განათლებაში", - განაცხადა დუბრაკა სიმონოვიჩმა და დასძინა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მას უთხრეს, რომ ასეთი საგნის შემოღება მართლაც იგეგმება.
გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ხარვეზებს, რომელიც მისი თქმით, ფემიციდის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვების მიმართულებით არსებობს. სიმონოვიჩის თქმით, ქალბატონები განსაკუთრებით დაუცველები არიან მას შემდეგ, რაც ტოვებენ თავშესაფარს. მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ თავშესაფრების და კრიზისის ცენტრების რეგიონებში გახსნას უკავშირდება.
სიმონოვიჩი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ქალთა მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკაში, მათ შორის, პარლამენტში. მისი თქმით, არსებობს კანონპროექტი გენდერული კვოტირების შემოღების თაობაზე, თუმცა, ასევე, საჭიროა სხვა ზომების გატარება, რათა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში გაიზარდოს.
"პროგრესი სახეზეა, მაგრამ მაინც საკმაოდ შემაშფოთებელი ინციდენტები ხდება. ძალიან ხშირად ძალადობის ფაქტების შესახებ შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ მიეწოდებათ, რადგან ითვლება, რომ ოჯახური ძალადობა ოჯახში უნდა დარჩეს", - განაცხადა დუბრავკა სიმონოვიჩმა.
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი საქართველოს 15 თებერვალს ეწვია. ვიზიტის მიზანია, ქალთა და გოგონათა ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის შეფასება. ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავებულ საბოლოო ანგარიშს და შესაბამის რეკომენდაციებს დუბრავკა სიმონოვიჩი 2016 წლის ივნისში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე წარადგენს.