დაახლოებით ერთი კვირის წინ, მარტვილში, სრულიად კანონიერად დავთვერი და მერე სრულიად კანონიერად მარტვილის ცენტრში ვიყავი ცუდად, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე ინიცირებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.
ამ კოტექსტში ხაჩიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაცილებით მავნებელია ალკოჰოლი, ვიდრე მარიხუანა, რაც მისივე თქმით, ყველა კვლევით დადასტურებულია.
"საუბარია მარიხუანას საწყის ნარკოტიკობაზე. ძალიან ბევრი ექსპერტის მიერ არის ახსნილი, რომ ეს "კარიბჭის თეორია", რომელიც 80-იან წლებში იყო პოპულარული, აღარ არსებობს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მარიხუანა საწყისი ნარკოტიკი არ არის. გაცილებით საწყის ნარკოტიკად შეიძლება სიგარეტი და ალკოჰოლი ჩაითვალოს. საუბარია მავნებლობაზე, ზიანზე. კი, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენივე არჩევანით გარკვეულ ზიანს ვირჩევთ. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ყველა კვლევით და, არ არსებობს კვლევა დედამიწაზე, რომელიც არ იტყვის, რომ ალკოჰოლი უფრო მავნებელი არ არის, ვიდრე მარიხუანა და თან რამდენიმე პუნქტით მავნებელია. თუ მავნებლობაზე და იმაზე ვლაპარაკობთ, ვინ როგორ ვაყენებთ ზიანს საკუთარ თავს, მინდა მარტივი მაგალითი მოგიყვეთ: - დაახლოებით ერთი კვირის წინ, მარტვილში, სრულიად კანონიერად დავთვერი, მერე სრულიად კანონიერად მარტვილეს ცენტრში ვიყავი ცუდად, მერე სრულიად კანონიერად ადამიანად აღარ ვარგოდი და მერე კიდევ ორი დღე ვერაფერს ვაკეთებდი. ვიცით ბატონო, რა რა ზიანს გვაყენებს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს", - განაცხადა ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ხაჩიძის მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის სასარგებლოდ მეტყველებს.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს.
პროექტი მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.