"მაესტროს" კრედიტორთა კრებაზე, გია გაჩეჩილაძის ადვოკატის შუამდგომლობას სამი კრედიტორი შეეწინააღმდეგა

ტელეკომპანია "მაესტროს" კრედიტორთა კრებაზე კრების გადადების შესახებ გია გაჩეჩილაძის ადვოკატის შუამდგომლობას, სამი კრედიტორი შეეწინააღმდეგა.

ერთ-ერთი მათგანი იყო თავად მაკა ასათიანის წარმომადგენელი ადვოკატი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს, კერძოდ გია გაჩეჩილაძის მეურვეს, მიკერძოებული უწოდა. კიდევ ორმა კრედიტორმა კი აღნიშნა, რომ კრების გადადების წინააღმდეგი არიან, რადგან მათ ინტერსებშია, ტელეკომპანია "მაესტრომ" მათ მიმართ დავალიანება დროულად დაფაროს.

ერთ-ერთმა კრედიტორმა, რომელმაც არ დაასახელა რომელ კომპანიებს წარმოადგენს, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, "ამდენი ხნით კრების გადადება კრედიტორებს გაურკვეველ ვითარებაში აგდებს". მისი განმარტებით, წარმოადგენს ოთხ კომპანიას, რომლის მიმართაც "მაესტროს" რამდენიმე მილიონი დავალიანება აქვს.

"ჩვენს ინტერესებში შედის, რომ კუთვნილი თანხები რაც შეიძლება მალე მივიღოთ", - განაცხადა ოთხი კომპანიის წარმომადგენელმა.