ციხისძირის კონტრაქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "სახლში წასვლისკენ" მოუწოდებენ. საუბრის დროს მათ შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, იმის გამო "თუ ვინ არის სახლში წასასვლელი".
როგორც ჟურნალისტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა გურამ თამაზაშვილმა განუცხადა, მშვიდობიან კონტრაქციას მართავენ და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არავინ აპირებს.
"ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ უკანონოდ მიაქვთ ხე. საქართველოში ხეებს სწორედ ისინი ანადგურებდნენ უკანონოდ. მათ ხეების დაცვის უფლებაც არა აქვთ, უბრალოდ, ახლა უკანონოდ არც ხეს წაიღებს ვინმე და არც უკანონობას ჩაიდენს", - აღნიშნა გურამ თამაზაშვილმა.
კონტრაქციის მონაწილე ზაზა თხილაიშვლის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესია ბიძინა ივანიშვილს შეუშალონ ხელი.
"მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი აქვთ, სხვა ვინმე რომ ყოფილიყო არც გააპროტესტებდნენ. მათ ივანიშვილს არ დავაღუპინებთ. მას ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ მისნაირი ადამიანები ქვეყანას ჭირდება", - აღნიშნა ზაზა თხილაიშვილმა.
კონტრაქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოუწოდებენ, "სახლში წავიდნენ და საკუთარ მეურნეობას მიხედონ".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი კი აცხადებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები შეცდომაში არიან შეყვანილი, რადგან აქციის გამართვა საქართველოში არ იკრძალება.
"უკანონობას ვებრძვით ჩვენც, შემოგვიერთდნენ და ერთად მოვითხოვოთ დოკუმენტაცია იმისთვის, რომ სამუშაოები კანონიერი იყოს. როცა ვერ ნახავენ დოკუმენტაციას, მაშინ მიხვდებიან რატომ ვდგავართ აქ", - აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
კონტრაქციის მონაწილეებმა ციხისძირი უკვე დატოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი კარვებში რჩებიან.